ძებნა
კატალოგი
    Menu Close
    ყველა ჩანაწერი

    შოკი! კედლების სისველე და ობი ზამთარში, ანუ კონდესატი

    შოკი! კედლების სისველე და ობი ზამთარში, ანუ კონდესატი

    როგორ ვუშველოთ კედლების დასველებას?

     

    ახალი წელი

    აი, როგორც იქნა დასრულდა ეს ჭირვეული რემონტი, რამდენი დრო, ნერვები და თანხები შეიწირა. რამდენჯერ გახდა საჭირო ელიავაზე თრევა, საცობებში დგომა, გაუგებარი საუბრების მოსმენა. ეჰ... მაგრამ ჯანდაბას, ყველაფერი წარსულშია. აგერ ახალი წელი ახლოვდება, გადავალთ ახალ, გარემონტებულ სახლში და გავიხარებთ. გადადიხარ, რთავ ცენტრალურ გათბობას, ხარ ბედნიერი და ერთ უშფოთველ დილასაც ... შოკი!!! კედლები და იატაკი სველია!

     

     

    რეალობის მიღება

    WTF? იწყებ ანალიზს, იხსენებ ყველა სიტყვას, რჩევას, ვერც კი ამჩნევ როგორ უბრუნდება შენი გონება რემონტისდროინდელ მობილიზიაციას. გახსენდება, რომ ვიღაცა სადღაც წერდა ქვაბი ქვაბიო, რადიატორების დამატებაო, არ ყოფნისო... ხსნი ლეპტოპს და გუგლავ ყველაფერს, ფორუმებს, fb-ს, ისე მიფრინავენ წუთები ვერც კი ამჩნევ რომ სამსახურში წასვლის დროს უკვე გადაცდა, მაგრამ იკიდებ...

    აგრძელებ ძიებას. ცდილობ გაიგო სხვებსაც აქვთ თუ არა იგივე პრობლემა, თუ მარტო შენ გრძნობ თავს მოტყუებულად? სადღაც გულის სიღრმეში გიხარია კიდეც, რომ მარტო არ ხარ.

    ოხ, როგორ არ უნდა ტვინს გაიხსენოს იმ კაცის სიტყვები, ძვირს რომ ითხოვდა, „რა ერქვა?? გიზო, ზურა, ზაზა?... არ მახსოვს..“ რომელმაც გითხრა პატიოსნად რამდენიმე სიტყვა. სიტყვები ენაზე გადგას, მაგრამ გონებას არ უნდა წარმოთქვას. ძნელია აღიარო საკუთარი შეცდომები. სხვების დადანაშაულება გაცილებით იოლია.

    თანდათან ეს სიტყვებიც იკვეთებიან შენ წინ პოსტებში და ფორუმებზე. თავიდან თვალს არიდებ, თავს იცავ აღიარებისგან. ....მაგრამ ბოლოს მაინც იღებ რეალობას, სხვა რა გზა გაქვს რო? აი ის სიტყვებიც: „დათბუნება“ „კონდესატი“ „ზამთარი“, "Oh, Shit!!!! ეშმაკმა დალახვროს, გამეკეთებინა რა...!"

     

    რა არის მიზეზი?

    კედლები და იატაკი სველდება კონდესატის გამო. ეს არის ელემენტარული ფიზიკის რიგითი კანონზომიერება. ზუსტად ის ხდება, რაც წარმოშობს წვიმას და თოვლს: ჰაერში არსებული ნესტი, დაბალ ტემპერატურაზე გარდაიქმნება წყლად. მორჩა! ფასადის კედლები იმდენად თხელია, რომ ვერ აკავებენ გარეთ არსებულ სიცივეს. 20 სმ-იანი ბლოკით რომ ააშენებ სახლს და არც ფასადის დათბუნებას გაუეკეთებ,  და შიგნითაც პირდაპირ გაჯით შელესავ, სხვა რამ რომ მოხდეს ის უნდა გიკვირდეს ადამიანს.

     

     

    კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია და... გამოსავალი?

    რამდენი რადიატორიც არ უნდა დააყენო და სულ 80 გრადუს ცელსიუსზე რომ გქონდეს გათბობა ჩართული, მაინც ვერ გაათბობ კედელს ისე,  რომ კონდესატი არ გაიკეთოს. როგორც მინიმუმ თბოდანაკარგი იქნება ძალიან მაღალი. 120 კვადრატულზე 450 ლარი გაზის გადასახადი როგორია?

    გამოსავალი არის რამდენიმე:

    1. ფასადის დათბუნება გარედან ქვაბამბით, (ან EPS-ით) ახსოვს ისტორიას ასეთი ფაქტები. თუ გაქვთ ამის შესაძებლობა ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალია.
    2. შიგნიდან დათბუნება ქვაბამბით - დამთავრებულ რემონტზე ასეთი გამოსავალი თავზარდამცემია, მაგრამ ერთადერთია. ყურადღების მიქცევა სჭირდება მონოლითური კონსტრუქციის და ბლოკის შეერთებებს. ასეთ გადაბმებზე დამატებითი არმირებაა საჭირო სპეციალური ბადით.
    3. თაბაშირ-მუყაოს ფილებით ფასადის კედლების შიგნიდან შემოსვა, მინა ბამბის ჩაყოლება.
    4. გაჯის ნაცვლად, თაბაშირით შელესვა. თაბაშირის ბათქაშებს უკეთესი თბოიზლოაცია, ელასტიურობა და გარანტირებული ეკოლოგიური სისუფთავე ახასიათებთ. გაჯზე ხან ისეა ხან ასე, გააჩნია რა...
    5. გამოაღეთ ფანჯრები და შეეცადეთ, რომ დიდი სხვაობა არ იყოს შიდა და გარე ტემპერატურებს შორის :) - ეს ხუმრობით, თუმცა ფიზიკის კანონების მიხედვით კონდესატს აღარ გაიკეთებს.

     

    როგორ ავირიდოთ?

    1. როდესაც ბინას ყიდულობთ გამოიკვლიეთ აქვს თუ არა დათბუნება ფასადს.
    2. თუ გაიგეთ, რომ არ აქვს მაგრამ ფასი მიმზიდველია, შიგნიდან გააკეთეთ დათბუნება.
    3. აგარაკზე თუ ზამთრობით არ გეგმავთ ასვლას, ნუ დაიხარჯებით ზედმეტად. ჩაკეტილ სახლს არავინ გაათბობს და კონდესატიც არ იქნება.
    4. საკუთარი სახლის მშენებლობისას გაითვალისწინეთ ჰიდროიზოლაცია და გარე დათბუნება.

     

    რატომ არ აკეთებენ დათბუნებას მშენებლები?

    მიზეზი ორია:

    1. დათბუნების გარეშე მშენებლობა იაფი ჯდება
    2. არ არსებობს სტანდარტი რომელიც ითხოვს დათბუნებას

    მესამე მიზეზიცაა: სამშენებლოს დამოკიდებულება - "ხალხი აზრზე არ არის და მაინც ყიდულობენ, ჰოდა რატომ გავაკეთოთ?"

     

     

    აბა, ღმერთი ჩვენსკენ!

    კეთილი სურვილებით

    www.greenstone.ge 

     

    კომენტარი
    დატოვე კომენტარი დახურვა
    banner